logo
ENG



"პუტინი ვარდების რევოლუციას რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებად აღიქვამდა" - სააკაშვილის ინტერვიუ

13 ნოე 202312:19
3 წუთის საკითხავი
 
"პუტინი ვარდების რევოლუციას რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებად აღიქვამდა" - სააკაშვილის ინტერვიუ

რადიო თავისუფლება საქართველოში ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს ვრცელ სტატიას უძღვნის და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2003 წლის ნოემბერში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რევოლუციის 20 წლისთავისთვის მზადების დროს, მისი ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ვარდების რევოლუციამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლის პირველი პრეცედენტი შექმნა.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციასთან რუსეთის დამოკიდებულებებზეც საუბრობს. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, "შესაძლოა თუ არა, რომ 2008 წლის ომის ჩაითვალოს ვარდების რევოლუციის მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის ნეგატიური დამოკიდებულების კულმინაციად?", სააკაშვილი ამბობს:

"მას შემდეგ, რაც 2008 წელს მთავარ პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია, კერძოდ, ჩემი მთავრობის ჩამოგდებას და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, პუტინმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა 2012 წელს ჰიბრიდული მეთოდებით, როცა საპარლამენტო არჩევნების გზით, ხელისუფლებაში რუს-ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი მოიყვანა. მას მისცეს 2 მილიარდი დოლარი საარჩევნო კამპანიისთვის. მას შემდეგ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყნის გადასვლა პრორუსულ ვექტორზე. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა უკრაინის დახმარებისთვის უარში, ასევე ჩემი დაკავებისას აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით", - აცხადებს სააკაშვილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ვლადიმერ პუტინი ვარდების რევოლუციას საფრთხედ არ აღიქვამდა, თუმცა კიევში მომხდარი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მან იფიქრა, რომ "საქმე ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ შეთქმულებასთან".

"თავდაპირველად პუტინი ვარდების რევოლუციას თავისთვის დიდ საფრთხედ არ მიიჩნევდა. მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, რომლის ლიდერებიც არ მალავდნენ, რომ ისინი ვარდების რევოლუციამ შთააგონა. კიევში განვითარებული მოვლენების შემდეგ პუტინი ფიქრობდა, რომ საქმე ჰქონდადასავლურ დიდ შეთქმულებასთან რუსეთის წინააღმდეგ", - ამბობს სააკაშვილი. 

2023 წლის 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციიდან 20 წელი გავა. 


close დახურვა